ნათია თურნავა: ჩვენ გარდავიქმნებით რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად, რაც ნიშნავს ახალ ინვესტიციებსა და ახალ სამუშაო ადგილებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის სხდომაზე ფინანსურ ზონებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება რეგიონისთვის ინოვაციურია. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ახალი ინვესტიციები შემოვა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

„ჩვენს რეგიონში მსგავსი ზონა შემქნილი არ არის. ესაა ძალიან კარგი შანსი საქართველოსთვის, გახდეს რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს საფინანსო სექტორში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს პლატფორმას, რათა საქართველოს კონკრეტულ ტერიტორიებზე შეიქმნას მაღალტექნოლოგიური ზონები და ეს ბიზნესები საქართველოში განვითარდეს. საქართველო პოზიციონირებს როგორც რეგიონის ლოგისტიკური, საკონფერენციო და ბევრი სხვა თვალსაზრისის ჰაბი. ის ასევე გახდება ფინანსური ჰაბი. სწორედ აქეთკენ იყო მიმართული პრემიერის ინიციატივა. მან დავალება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გასცა. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი დავამუშავეთ.

თუკი ჩვენს ბოლო ეკონომიკურ ინიციატივებს დააკვირდებით, ჩვენი ახალი ინიციატივების პაკეტი ორ სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივები და სიღარიბის დაძლევასა და სოციალურ თემებზე ორიენტირებული ინიციატივები. რაც შეეხება ფინანსურ ზონებს, ჩვენ მართლაც გარდავიქმნებით რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად, რომელიც გაიხსნება ისეთი ახალი ტიპის ბიზნესებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ნიშნავს ახალ ინვესტიციებსა და ახალ სამუშაო ადგილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები