კელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია
„ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინისა და ევროპელების გვერდში, როდესაც რუსეთი ცდილობს, ევროპულ უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს. მნიშვნელოვანია, საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა 25 წლის წინ, რომ რუსეთსა და ნატო-ს გამოეხატათ წუხილები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავსხდებით და მოვისმენთ, მაგრამ ვიმოქმედებთ ჩვენი ძირითადი პრინციპებით, რომლის შესახებაც არაერთხელ ვისაუბრეთ. პირველი არის, რომ რუსეთს არ აქვს ვეტო საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს წევრობას წყვეტენ 30 მოკავშირე და ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება. ძალიან კარგად იცით, მაღალი სამხედრო და პოლიტიკური სტანდარტები უნდა იყოს მიღწეული ნატო-ში გასაწევრიანებლად”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
კელი დეგნანი აცხადებს, რომ ფუნდამენტური პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვენერული უფლება თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები.
“საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების და ეკონომიკური პარტნიორობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ძლიერად იცავს ევროპა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
და ბოლოს, აშშ-მა ძალიან ცხადად თქვა, რომ ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპასთან დაკავშირებით, ევროპის გარეშე; არ მოვილაპარაკებთ ნატო-სთან დაკავშირებით, ჩვენი ნატო-ელი მოკავშირეების გარეშე; არ მოვილაპარაკებთ უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინისა და საქართველოს გარეშე; შევინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს მთავრობასთან, ისევე – როგორც უკრაინის მთავრობასთან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.