“ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი 75%ზე მეტია” – თამუნა გოდერიძე

​ექიმი, ენდოკრინოლოგი, თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მედიკოსი “ფეისბუქის” გვერდზე წერს, ზოგიერთმა გამოჯანმრთელებულმა არასწორად გაიგო იზოლაციის წესების ცვლილება.

“​ზოგიერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა არასწორად გაიგო იზოლაციის წესების შესახებ ცვლილება და ჩათვალა, რომ გამოჯანმრთელებიდან მხოლოდ ხუთი დღე უნდა ატაროს ნიღაბი, შემდეგ კი თავისუფალია!
ეს ასე არ გახლავთ:-

– კატეგორიულად, მკაცრად 5 დღე ნიღბის ტარება ნიშნავს, რომ მას იხსნით მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო იმყოფებით ოთახში (იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პირთან კონტაქტამდე მოხდება თქვენი სივრცის განიავება), დანარჩენ შემთხვევაში გიკეთიათ!

ნიღაბი უნდა ატაროთ სწორად მორგებული (და არა – ცხვირს ქვემოთ) როგორც გარე, ასევე, დახურულ სივრცეში, არ შეეხეოთ მას (რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ წარამარა არ შეისწოროთ) და ხშირად ცვალოთ.

17 იანვრიდან სასწავლო სივრცეები იხსნება, ცხადია, განათლების პროცესი არ უნდა შეფერხდეს, მაგრამ გასათვალოსწინებწლია, რომ ბავშვთა პოპულაციაში მკვეთრად მოიმატებს შემთხვევები. ამიტომ, სადაც მცირედი რისკფაქტორი მაინც არსებობს რომელიმე ინდივიდის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასეთი მოსწავლე უნდა დარჩეს ონლაინ სწავლებაზე.

რეინფიცირების შემთხვევები ხშირია, ინფიცირებულთა შორის ბევრია ორჯერადად და “ბუსტერ” დოზით ვაქცინირებულიც, თუმცა, სიმპტომები საკმაოდ მსუბუქად ვლინდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი 75%-ზე მეტია, თუმცა, კოვიდის გადატანის შემდეგ პოსტკოვიდის სიმპტომები კვლავ დიდხანს დააწვება ტვირთად ჯანდაცვის სისტემას, სადაზღვეო სისტემებს და თითოეული ინდივიდის ცხოვრების ხარისხს.

და მაინც ექიმები ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ “ომიკრონი” პანდემიას ზაფხულის პერიოდისთვის უკვე ენდემიად გადააქცევს”, – წერს თამუნა გოდერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები