დავით ზალკალიანი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
17-18 იანვარს ვიცეპრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატო-ს შტაბბინასა და ევროკავშირში. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს, გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფარგლებში მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვა. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებული გართულებული გარემო.
წლის დასაწყისშივე, ნატო-ს შტაბბინაში დაგეგმილი, მაღალი დონის ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასპირანტ საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში საგულისხმო ადგილი უკავია.