საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ნატო-ს შტაბ-ბინა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრებს მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გენერალ-მაიორი, გიორგი მათიაშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება და ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განიხილავს.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს უცხოელ კოლეგებთან. სხდომის დაწყებამდე, თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნისა და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უკრაინელ და სლოვაკ კოლეგებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საუბრის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მზარდი როლი წარმოადგენდა.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაცია დაგმო და ყურადღება ვითარების მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების პრინციპების დაცვით მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ქართველმა და უკრაინელმა კოლეგებმა ერთმანეთს ინფორმაცია ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებში მიმდინარე რეფორმებსა და ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესზეც გაუზიარეს. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევებისა და რუსეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეების ფონზე, ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება ქართული მხარისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესახებ მან სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე ისაუბრა და ნატოს წევრ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა სლოვაკეთის მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, ასევე, ორმხრივ თუ ნატო-სა და ევროკავშირის ფორმატებში სლოვაკეთის მიერ გაწეული დახმარება გაიხსენა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბრიუსელში, ბელგიაში 12-13 იანვარს იმართება, სადაც უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.