ამბროლაურში მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ქალაქ ამბროლაურში მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

“პროექტის ჯამური ღირებულება 4 553 234 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ზონის მოწყობა, ბულვარის გაკეთება, გასართობი სივრცეების შექმნა და კაფე-ბარების მშენებლობა.
პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ,,სანაპირო” ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე – ჩამოსული ტურისტებისთვის.
,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას” საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები