საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრს კითხვები გაბედულად უნდა დაუსვას

ირაკლი ღარიბაშვილსა და უმცირესობის დეპუტატებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმი „სამ დურაკის“ პრინციპს ჰგავდა – ასე აფასებს ექსპერტი კახი კახიშვილი პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და საპარლამეტო უმცირესობის დეპუტატებს შორის გამართულ დებატებს. როგორც „კვირას“ კახა კახიშვილმა განუცხადა, სახელისუფლებო გუნდის მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებების პარალელურად უნდა ხდებოდეს ამ დანაშაულებების გამოძიება და ბრალდებების არგუმენტებით გამყარება.
„ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიულად ამიტომაც დაიტოვა ერთიანი ოპოზიციის რანგში „ნაციონალური მოძრაობა“. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ბრალდებების პარალელურად – რომ “ნაციონალური მოძრაობა„ არის მკვლელების პარტია, მათ დროს ციხეებში ხდებოდა წამების უპრეცედენტო ფაქტები, ადგილი ჰქონდა კორუფციას და სხვა სასამართლოში გამოძიებამ ამ საქმეებზე კონკრეტული მტკიცებულებები უნდა დადოს. ამის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ სამწუხაროდ, წამების მუხლით რამოდენიმე საქმე სასამართლოში, რომელიც გამამართლებელი განაჩენით დასრულდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე პროცესი იყო „სამ დურაკი“ “, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
ექპერტს მიაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის წევრებსა და თავად პრემიერს კონკრეტულ შეცდომებზე გაბედულად უნდა მიუთითოს, რათა ქვეყნის მმართვეობაში არსებული ხარვეზები დროულად გამოსწორდეს.
“ჩემი აზრით დათვური სამსახურია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, მხოლოდ ქება-დიდების ეპიტეთებით მიმართვა პრემიერ-მინისტრისადმი. იმიტომ, რომ ყველაზე ობიექტურად, შეცდომებზე უმრავლესობის წევრებმა უნდა მიუთითონ. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ მომავალში მაინც, უმრავლესობა საკუთარი გუნდის ხელმძღვანელს მიუთითებს კონკრეტულ შეცდომებზე, ხარვეზებზე, რათა მოხდეს ამ შეცდომებისა და ხარვეზების დროული აღმოფხრვრა. დროა, ქვეყანას შეეტყოს ახალი ძალის არსებობა ხელისუფლებაში“,- განუცხადა “კვირას“ კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები