WP: თეთრმა სახლმა პუტინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ახალ ანტირუსულ ზომებს, რომლებიც შესაძლოა, პირადად ვლადიმერ პუტინს შეეხოს.
ამის შესახებ The Washington Post-ი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელსა და მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის ინფორმაციით, დემოკრატი სენატორები დღეს გამოაქვეყნებენ სანქციების ახალ პაკეტს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეიჭრება.
ზომათა პაკეტის შემუშავებას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, რობერტ მენენდესი ხელმძღვანელობდა.
რუსეთის ლიდერის გარდა, ახალი შეზღუდვები შესაძლოა, შეეხოს რუსეთის მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს, ასევე, ბანკებსა და SWIFT-ის ბანკთაშორისი გადახდის სისტემაზე წვდომას.
გარდა ამისა, სენატორები მოუწოდებენ თეთრ სახლს, “განიხილონ ყველა ხელმისაწვდომი და შესაბამისი ზომა” გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკად 2”-ის გაშვების წინააღმდეგ.