„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელი დებატები არასერიოზული გარჩევების ფორმატში გადაიყვანა“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელი დებატები არასერიოზული გარჩევების ფორმატში გადაიყვანა – ასე აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობასა და სამთავრობო გუნდს შორის გამართულ შეხვედრას. როგორც ცისკარიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, დღევანდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკა უცვლელია და პარტიის წევრები უშედეგო და უმიზნო თემებზე საუბარს არ თმობენ. ექსპერტის შეფასებით, არასაპარლამენტო ოპოზიცია მსგავსი ქმედებებით საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას კიდევ უფრო ამყარებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გამოხტომებით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იძულებულია, მუდმივად აკეთოს შეფასება, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უკეთესია. სხვა არჩევანი არ არსებობს. საზოგადოების ნაწილს შესაძლოა, მობეზრდა “ქართული ოცნების“ მიერ ყოფილი მმართველი ძალისთვის ცხრაწლიანი მმართველობისას ჩადენილი სავალალო შეცდომების შეხსენება, თუმცა ძნელია, როდესაც ცნობიერებაში ერთხელ და სამუდამოდ გეჭედება წარსულის ფაქტები, მერე მათ იგნორირება გაუკეთო“,- აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტი ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არაერთი პრობლემური თემა არსებობს, “ნაციონალური მოძრაობისთვის“ განსჯის საგანი არ უნდა ხდებოდეს ის, თუ ვისთან ერთად გადაიღო სპორტული კარიერის დროს კახა კალაძემ ფოტო.
„ვისთან აქვს კახა კალაძეს სპორტული კარიერის დროს ფოტო გადაღებული, ეს არ უნდა იყოს თემა, რომელზეც დრო უნდა დაკარგოს პარლამენტმა. არასერიოზული თემები მათ სერიოზული გარჩევების ფორმატში გადაიყვანეს, მაშინ როცა ბევრად უფრო საინტერესო შეიძლება ყოფილიყო ეს კითხვა-პასუხი საქმისთვისაც და ხალხისთვისაც, მაგრამ რატომღაც ნაცვლად ამა თუ იმ პრობლემის საგნობრივი განხილვისა, ჩვენ მივიღეთ ისევ და ისევ ურთიერთბრალდებების კორიანტელი. ამ ბრალდებებში “ნაციონალური მოძრაობა“ აგებდა, აგებს და წააგებს“,- აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები