ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულების პროცესი ამ წუთებში იწყება.
ადვოკატების ინფორმაციით, დღეს მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს წარუდგენენ. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვს.
საქმეზე დაკავებულია 3 პირი: ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული მუშები – მამა-შვილი სურმანიძეები.
სურმანიძეების ადვოკატის განმარტებით, ექსპერტის დასკვნით, კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია, თუმცა, პასუხისმგებელი მხოლოდ მეპატრონეა.
სურმანიძეების ოჯახის წევრები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მეპატრონის მითითებით მიმდინარეობდა.
სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც. ისინი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 3 არასრულწლოვანი.