კულება: რუსეთი არ მიიღებს “სამართლებრივ გარანტიებს”, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება 10 იანვარს ჟენევაში რუსეთ-აშშ-ს შორის გამართულ მოლაპარაკებას გამოეხმაურა, რომლის მთავარი პათოსი იყო რუსეთის მიერ “უსაფრთხოების გარანტიების” მიღება.
როგორც მინისტრმა თქვა, ნაადრევია დეტალური დასკვნების გაკეთება, რადგან წინ არის რუსეთ-ნატო-ს საბჭოს და რუსეთ- ეუთო-ს მოლაპარაკებები.
“ამავდროულად, საერთო სურათი უკვე იკვეთება. რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო მოლაპარაკებები “უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ფსონები და წინასწარ წამოაყენოს მიუღებელი მოთხოვნები”, – თქვა კულებამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაციის ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთს სურს უსაფრთხოების გარანტიები იმ დროს მიიღოს, როდესაც მისი არმია უკრაინის საზღვარზე „იარაღს აჟღარუნებს“, ყირიმი მძევლად არის აყვანილი და იბრძვის დონბასში.
გარდა ამისა, რუსული სპეცსამსახურები ძირს უთხრიან უსაფრთხოებას ბელორუსის საზღვარზე პოლონეთსა და ლიტვასთან, ასევე, გაზის მიწოდება საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცევა.
„რუსეთს არ აქვს ხმის უფლება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე. ეს არის „წითელი“ ხაზი, რომელსაც არც უკრაინა და არც ჩვენი პარტნიორები არ გადაკვეთენ. კოლექტიური დასავლეთი არ დათანხმდება რუსეთისთვის „სამართლებრივი გარანტიების“ მიცემას, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რადგან ეს მისი სტრატეგიული დამარცხება იქნება“, – დასძინა კულებამ.
დიპლომატის თქმითვე, ჟენევაში რუსეთს გაუგზავნეს სიგნალი, რომ უკრაინის გარეშე უკრაინაზე შეთანხმებები არ იქნება.
„უკრაინა პრინციპულ პოზიციას იკავებს: რამდენჯერაც უნდა იარონ წრეზე რუსი დიპლომატები, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების გარანტიების განხილვის საწყისი ხაზი, უნდა დაიწყოს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან დეესკალაციით, ასევე, დონბასიდან და ყირიმიდან რუსეთის გაყვანით“, – განაცხადა მინისტრმა.