„პანდემიამ საკუთარ თავს შემახვედრა“ – მირაჟული „მინიატურები“, საუკუნის მაწანწალა გენიოსი და… ბავშვობა, რომელიც გრძელდება

პროფესიით  ფრანგული  ენისა  და  ლიტერატურის სპეციალისტია.  დიდხანს მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში“  თარჯიმნად..შემდეგ მეორე  რეჟისორად  რეზო  ესაძესთან...
პანდემიის  დროს დაიწყმინიატურებზე მუშაობა. როგორც ამბობს, ამ დროს შეიძლება საყვარელი ფილმის რომელიმე კადრი  გააცოცხლოსანდა სიმღერა,  ლექსი,  სურათი…  ნებისმიერი  სხვა  რამ...   მხოლოდ  იმას  ვაკეთებ  მინიატურაში,  რაც  ჩემთვის  დიდ  ემოციას  ატარებს“.   
თითოეული მინიატურა კი ზღაპრული სამყაროა, თავისი „გმირებით“ – „ბეჭდების მბრძანებელი“, „ჰარი პოტერი“, „მოდილიანი“, „საახალწლო“, „ჩარლი“, „ჩემი თბილისი“, „ბითლზი“…
ამბობს, რომ პანდემიამ  დააჩქარა  საკუთარ  თავთან  მიახლოების  პროცესი ანუ საკუთარ  თავს  შეახვედრა. – ია ბობოხიძის პერსონა.

 – ბავშვობა… მაშინ თუ ამზადებდით ხელნაკეთებს?
– ბავშვობა… არსოდეს გიცდიათ ბავშვობაში პატარა სახლის გაკეთება თუნდაც მაგიდის ქვეშ ან სადმე მყუდრო ადგილას? მე და ჩემი დები მაგიდას გრძელ სუფრას ვაფარებდით, რომ კედლები ჰქონოდა, შიგნით პაწია მაგიდას და სკამებს ვდგამდით, სტუმრად ჩვენი საყვარელი ზღაპრების გმირებს ვიწვევდით და საათობით ვესაუბრებოდით წარმოსახვით კონკიას, მის ბოროტ დებს, დედინაცვალს, ფიფქიას და უამრავს კიდევ… იყო ამაში რაღაც ზღაპრული… წარმოსახვითი და საინტერესო. ანუ ფაქტობრივად რეალობისგან ზღაპარში გაქცევის ბავშვური მცდელობა.

და მინდა გითხრათ, რომ ის ბავშვი არსად წასულა… ის ისევ ჩვენშია. აი, ახლა და აქ… ჩვენთან ერთად.. ისევ ვერ უძლებს ცდუნებას, რომ გაიქცეს და თუნდაც რამდენიმე საათი გაატაროს თავის საყვარელ პერსონაჟებთან ერთად… შეუკეროს ქუდი და ბალიში გენიოსს, რომელსაც ჩაპლინი ჰქვია… შეიაროს ჰარი პოტერის სამყაროში.. მოინახულოს ჰობიტების მიწაში საგულდაგულოდ დამალული პაწია სახლები.. მოეფეროს მეოცე საუკუნის სიცოცხლეში არაღიარებულ გენიოს მხატვარს… ასე რომ, ბავშვობა გრძელდება..
– როდის დაიწყეთ ხელნაკეთების დამზადება? ანუ სამსახურთან ერთად ეს თქვენი გატაცებაა?
– ჩემი  პროფესია  ფრანგული  ენა  და  ლიტერატურაა.  დიდხანს  ვიმუშავე  კინოსტუდია  „ქართულ  ფილმში“  თარჯიმნად…  მერე – მეორე  რეჟისორად  რეზო  ესაძესთან. მერე  დავანებე  ყველაფერს  თავი  და  ტორტების  საცხობი  გავხსენი. პანდემიის  დროს  ისიც  დავკეტე და სწორედ მაშინ დავიწყე  მინიატურებზე  მუშაობა.

– რატომ მაინცდამაინც სახლები? მანამდეც ამზადებდით სხვა ხელნაკეთებს?
– მე  „სახლებს“  არ  ვაკეთებ…  ჩემს  ნამუშევრებს „მინიატურა“ ჰქვიათ. მინიატურაზე მუშაობისას თემა შეუზღუდავია… შეიძლება საყვარელი ფილმის რომელიმე კადრი გააკეთო… შეიძლება სიმღერა, ლექსი, სურათი ან ნებისმიერი სხვა რამ. ერთი შემიძლია გითხრათ – მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ჩემთვის დიდ ემოციას ატარებს. შეკვეთებს ვასრულებ მხოლოდ მაშინ, თუ ეს თემა მაინტერესებს. საერთოდ ვფიქრობ, რომ ნებისმიერი რამ, რასაც აკეთებ, უნდა მოგწონდეს და სიამოვნებით უნდა აკეთო.. სხვანაირად არაფერი გამოგივა.
– რა მასალებს იყენებთ სახლებისთვის, რომლებიც ტელეფონის დამტენით იმუხტება და სენსორზე ინთება…
– ჩემი მინიატურები ერთი ამოსუნთქვით იქმნება.. ძალიან მარტივად და წვალების გარეშე. იმიტომ, რომ მუშაობის პროცესი დიდ სიამოვნებას მგვრის. მასალად ძირითადად მუყაოს, ხეს, წებოს და საღებავებს ვიყენებ.

თუ  დააკვირდით,  ჩემი  მინიატურები,  ძირითადად,  საყვარელი ფილმებიდან გაცოცხლებული  კადრებია.  და,  რა  თქმა  უნდა,  ამ  ფილმების  საუნდტრეკებს  ვიყენებ.
– „სამოსელი პირველს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია თქვენს ხელოვნებაში…
–  „სამოსელი პირველი“  ჩემთვის  უსაყვარლესი  ნაწარმოებია.  ვაპირებ  გავაკეთო  „ლამაზქალაქიც“  და  „კანუდოსიც“.
– „ჩარლი ჩემი საყვარელი თემაა“ – დაწერეთ ფეისბუქზე… რისი თქმა გინდათ ამ თემაზე  შექმნილი სახლით?
– ჩაპლინის  თემაზე  შექმნილი  მინიატურებით  არაფრის  თქმა  არ  მინდა… უბრალოდ  ძალიან  მიყვარს  ეს  მაწანწალა  გენიოსი  და  პერიოდულად  ამ  ფორმით  ვეფერები  ხოლმე…  ესაა  და  ეს…

– მუშაობის პროცესი…
– მუშაობის  პროცესში  ყველაზე  საინტერესო  რაც  მომხდარა,  ეს  თვითონ  მუშაობის  პროცესია…  ამ  დროს  სხვა  ყველაფერი  ხუნდება…
– პანდემია და ხელოვნება – დადებითად იმოქმედა თქვენზე თუ პირიქით?
– პანდემიამ  დააჩქარა  საკუთარ  თავთან  ჩემი მიახლოების  პროცესი…  საკუთარ  თავს  შემახვედრა…
– გაქვთ თქვენი გვერდი – Mirage . რატომ „მირაჟი“?
–  რატომ „მირაჟი“? იმიტომ,  რომ  ჩემი  მინიატურები უკვე  ნანახი  სურათის,  უკვე  განცდილი  და  ჩემში  ჩარჩენილი ემოციის  ხელახალი  გაცოცხლებაა…  ერთგვარი  მირაჟი.

 

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები