საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გორში, ძმის მიერ ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გორში, ძმის მიერ ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სასწრაფოს ეკიპაჟის შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

„გვსურს, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, გორში, სოფელ ქვემო ახალსოფელში მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სასწრაფოს ეკიპაჟის შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს, 21:18 სთ -ზე შემოვიდა გამოძახება. გორის რაიონი, სოფელი ქვემო ახალსოფელი. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე იმყოფებოდა 21: 40 სთ-ზე. ხოლო 22:00 სთ-ზე პაციენტი კლინიკა “გორმედში” იქნა შეყვანილი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილის ოჯახი აცხადებდა, რომ სასწრაფომ დაიგვიანა. კერძოდ, ოჯახის წევრების მტკიცებით, სასწრაფოს შემთხვევის ადგილზე მისასვლელად საათზე მეტი დასჭირდა.

ცნობისთვის, სოფელ ახალსოფელში ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დაიღუპა. შემთხვევა 1-ელ იანვარს მოხდა, 1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკა „გორმედში“ კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები