დღეს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 160 წელი გავიდა

5 იანვარი ექვთიმე თაყაიშვილის – წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის დაბადების დღეა.  მისი დაბადებიდან 160 წელი გავიდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმაურება ამ თარიღს და ინფორმაციას ავრცელებს.
„დიდი მეცნიერი-ისტორიკოსი, არქეოლოგი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი…
რეზო თაბუკაშვილმა მის ღვაწლს „უკიდეგანო, ვერსადდასატევი და ვერასაწონი“ უწოდა.
და, მაინც, უპირველესად, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ – ასე კონსტანტინე გამსახურდიამ მონათლა, ხოლო რეზო თაბუკაშვილმა ამავე სახელწოდების ფილმით უკვდავყო.
სიკვდილის ცელით შემოსულ ბოლშევიკებს სწორედ მან გამოსტაცა ჩვენი ეროვნული განძი, ფასდაუდებელ საუნჯეს თან გაჰყვა საფრანგეთში, სადაც განსაცვიფრებელი თავგანწირვით უპატრონა და სამშობლოს ხელუხლებელი დაუბრუნა.
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფს, მაცდუნებელ წინადადებებს სთავაზობდნენ მსოფლიოს განთქმული მუზეუმები, მაგრამ ის ექვთიმე თაყაიშვილი იყო – წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი, რა სახელითაც, მოგვიანებით, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ შერაცხა.
მანამდე კი…
1946 წელს, ისევ საბჭოთა საქართველოში დაბრუნებულს, რა თქმა უნდა, ეჭვის თვალით უცქერდნენ. ჯერ აღადგინეს უნივერსიტეტში, შემდეგ ისევ დაატოვებინეს…
1953 წელს „მხოლოდ ორმოცდარვა კაცმა შებედა, გაჰყოლოდა მის წმინდა კუბოს.“ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ სასაფლაომდე.
1962 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, 2000 წელს კი იქ ავიდა, სადაც ჭეშმარიტად იყო მისი ადგილი.
და დღეს, როცა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი მთაწმინდაზე გვეგულება, კიდევ უფრო სიმბოლურად ჟღერს რეზო თაბუკაშვილის სიტყვები, მისივე ფილმის ფინალიდან:
„გადმოხედე შენს დღევანდელ საქართველოს, სადაც ხატად ასვენია შენი სახელი. ნათელში იყავ, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო“…
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ექვთიმე თაყაიშვილის – წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის უკვდავ ღვაწლსა და სახელს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები