საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 1000 ოჯახს საკვები პროდუქტების ამანათები გადაეცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის დავალებით, ჯანდაცვისა და სოციალურმა სამსახურმა უკვე ტრადიციად აქცია მოწყვლადი ჯგუფებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა და მომავლის იმედის დაბედება.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოციალურად დაუცველ 1000 ოჯახს რამდენიმე სახეობის საკვები პროდუქტების ამანათები გადაეცა, რომელიც შემდეგ სამიზნე ჯგუფებს მოიცავდა: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, მარტოხელა ხანდაზმულები, დღის ცენტრის, სათნოების სახლისა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები და მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები.
მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავთანდილ გულიკაშვილი მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ბენეფიციარებს თავად ესტუმრა, ახალი წელი მიულოცა და სასაჩუქრე ამანათები გადასცა.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი წელი ამ ოჯახებისთვის იყოს იმედის მომცემი, რომ თითოეული მათგანი ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გრძნობდეს ზრუნვას და მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, წელს ბენეფიციართა რაოდენობა გავზარდეთ და ამანათების ასორტიმენტი გავამრავალფეროვნეთ. ეს იქნება დასაწყისი იმ წამოწყებების, რასაც სამომავლოდ კვლავ გავაგრძელებთ”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.