რატომ დაუმალა ლევან ბეჟაშვილმა 2,3 მილიონი ლარის დანაკლისი პროკურატურას?!
„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ და კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ნოდარ ლიპარტელიანმა, „რეპორტიორის” პრესკლუბში, 2006-2009 წლებში აუდიტის სამსახურის მიერ, სასამართლო სისტემაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, აუდისტის ყოფილმა უფროსმა ლევან ბეჟაშვილმა 2,3 მილიონი ლარის დანაკლისის დარღვევები აღმოაჩინა და ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას არ გადაუგზავნა.
„ჩვენ, ხელთ გვაქვს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სსიპ საერთოსასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური აუდიტის შესახებ (01/04/2006-31/12/2009), სადაც უამრავი ფინანსური დარღვევაა ასახული. ლევან ბეჟაშვილმა, მისი აუდიტის სამსახურის ხელმღვანელად ყოფნის პერიოდში, ამ აქტს გრიფი„საიდუმლო” დაადო და რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურას არ გაუგზავნა. ამით ბეჟაშვილმა ხელი დააფარა კოტე კუბლაშვილს დაქვემდებარებულ დეპარტამენტში აღმოჩენილ კანონდარღვევებს, კონკრეტულად კი, 2010 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სასაწყობე მომარაგების ინვენტარიზაციისას გამოვლინდა 2,3 მილიონი ლარის დანაკლისი. აუდიტმა გამოავლინა ფაქტები, როგორ ხარჯავდა თანხებს სასამართლოების დეპარტამენტი სასამართლოების მშენებლობასა და რემონტზე. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ მასალები რეაგირებისთვის პროკურატურისთვის გადაეგზავნა,ლევან ბეჟაშვილმა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, გია ტუხაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, კოტე კუბლაშვილის უწყებაში დარღვევები რომ ვეღარ გამოევლინათ. აუდიტის ამ აქტს, მხოლოდ 2 წლის შემდეგ, 2012 წლის ბოლოს მოეწერა ხელი, თუმცა, ახლაც კი, კონტროლის პალატის საიდუმლო საცავში ინახება. შემოწმების შედეგად აუდიტმა ქვეყნის გარეთ მივლინებებში უმიზნოდ გახარჯული გარე მივლინების 125 428 და შიდა მივლინების 11 664 ლარიც აღმოაჩინა”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ნოდარ ლიპარტელიანის თქმით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის აუდიტის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ამჟამად გარდაცვლილმა სოსო ჩიქობავამ, იცოდა ზემოთხსენებული დარღვევების შესახებ, ჰქონდა უამრავი ინფორმაცია კოტე კუბლაშვილისა და ლევან ბეჟაშვილის კრიმინალური საქმიანობის შესახებ და ის შარშან, ნოემბერში, საეჭვო ვითარებაში მოკლეს.
„აღნიშნულ მასალებს რეაგირებისთვის გადავუგზავნით მთავარ პროკურატურას და ვითხოვთგამოძიების დაწყებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის და აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლევან ბეჟაშვილის მიმართ აუდიტის სამსახურის დასკვნებთან დაკავშირებით”,- განაცხადა ნოდარ ლიპარტელიანიმა.