სექტემბერიდან შსს-ს სისტემაში მიგრაციის დეპარტამენტი ამოქმედდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 2014 წლის სექტემბერში მიგრაციის დეპარტამენტი ამოქმედდება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ მიგრანტთა გამოვლენასა და მათი ქვეყნიდან გაყვანაზე. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამეტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სექტემბერშივე ექსპლოატაციაში შევა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი, სადაც გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები.
„ამ მიზნით შსს–ს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტების ფარგლებში ეცნობოდნენ ევროპულ გამოცდილებას (სასწავლო ვიზიტები შედგა პოლონეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ბელგიაში). ცენტრი ექსპლუატაციაში შევა 2014 წლის სექტემბერში. ამოქმედდება არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის ელექტრონული პროგრამა და მასში ჩაერთვება ყველა სასაზღვრო გამტარი პუნქტი. ამ მიზნით ხორციელდება შესაბამისი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განახლებაც. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად, მიგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიმუშავა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები, რომელთა დამტკიცება მოხდება 2014 წლის 1 სექტემბრამდე. ამ პეროდისთვის ასევე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიას შორის, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა საქართველოდან ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ“. შეთანხმება დაარეგულირებს შსს–სა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების საქართველოდან ნებაყოფლობითი დაბრუნების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს“,- განაცხადა შს მინისტრმა.