ფინანსთა მინისტრმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 31 დეკემბერს სამსახურებრივ მოვალეობას ადგილზე 230-ზე მეტი თანამშრომელი შეასრულებს.

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე: „სადახლო“, „წითელი ხიდი“, „თბილისის აეროპორტი“, ასევე, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მომუშავე მებაჟე-ოფიცრებსა და თანამშრომლებს, ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადეს 2021 წელს გაწეული სამუშაოსთვის და გლობალური პანდემიის პირობებში სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის.

„დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. ასევე, ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ვუსურვებ წარმატებულ და მშვიდობიან 2022 წელს. განსაკუთრებით, ვულოცავ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ხვდებიან საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის სადარაჯოზე“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები