გვარამია – სააკაშვილის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე: ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა
“ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. როგორც თვითონ მითხრა, ბევრმა ადამიანმა მიაკითხა ეტლით და ჩასვეს ეტლში”, – ამის შესახებ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. როგორც თვითონ მითხრა, ბევრმა ადამიანმა მიაკითხა ეტლით და ჩასვეს ეტლში. მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა. მითხრა, – მივხვდი, რომ აღელვების შემთხვევაში, შეიძლებოდა, უარესი დამმართნოდაო. ამიტომ, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და ზემოქმედება არ ყოფილა“, – აცხადებს გვარამია.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანაა.
„ამ წუთში, ამ ეტაპზე, ამოცანა არის სააკაშვილის გაყვანა ამ დაწესებულებიდან, საერთოდ – ქართული პენიტენციური სისტემიდან. იქნება ეს საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება. ეს გაყვანა აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.