“აშშ-ში, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის პარალელურად, გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაბალია” – CDC-ს ხელმძღვანელი

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები შედარებით დაბალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.

“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში “ომიკრონი” სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და ველოდებით, რომ გააგრძელებს ცირკულირებას მომდევნო კვირებშიც. იმის მიუხედავად, რომ შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელი შედარებით დაბალ ნიშნულზე რჩება,” – განაცხადა ვალენსკიმ.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევების 7-დღიანი მაჩვენებელი 60%-ით მეტია და დღიური ინფიცირება, საშუალოდ, 240 400-ია. გარდაცვალების მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა.

შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აშშ-ში 29 დეკემბერს დაფიქსირდა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, სასწრაფოდ გაიკეთონ ბუსტერდოზა, რომელიც მათ “ომიკრონისგან” დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები