შს მინისტრი: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანებთან დაკავშირებული ძალადობის, ნარკომანიის, საგზაო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემის გაუმჯობესებას. აღნიშნული მიმართულებებით სამართალდამცავთა პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარება და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით შესაბამისი ღონისძიებების გატარება იგეგმება.
“დიდი ყურადღება დაეთმობა ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანებთან დაკავშირებული ძალადობის, ნარკომანიის, საგზაო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით გაღრმავდება თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება პოლიციელთა ტრენინგები (ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგს ყველა საუბნო განყოფილებიდან 452 უბნის ინსპექტორი გაივლის) და გაიმართება საინფორმაციო კამპანიები. პედაგოგებთან ერთად პოლიციელები გააგრძელებენ პროექტის „სამართლებრივი განათლება“ ფარგლებში საჯარო სკოლებში გაკვეთილების ჩატარებას საგანში „სამართლებლივი კულტურა“, სადაც ხაზგასმულია ბავშვთა უფლებები და პასუხისმგებლობები. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ისევე როგორც აღნიშნულ სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემის დახვეწაზე. აღნიშნულ სამუშაოებში ასევე ჩაერთვებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ბავშვთა დაცვის კუთხით, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის და იურიდიული საკითხების სწავლება ინსტიტუციონალიზებულია და უკვე მიმდინარეობს პროფესიონალთა შესაბამისი ტრენინგი“,- განაცხადა მინისტრმა.