კრემლმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო – საბაზისო სცენარის სახით, კანდიდატად პუტინის წარდგენა განიხილება
კრემლმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.
ამის შესახებ РБК დისკუსიის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრებზე, სადაც რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებზე მიდიოდა საუბარი, განიხილეს მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაძლო კამპანია.
„განიხილება კამპანია კონკრეტულ კანდიდატთან. სხვა ვარიანტი არ არის“, – ამბობს ინფორმირებული წყარო.
ამასთან, როგორც აღნიშნულია, კრემლში დისკუსიების დროს არასოდეს თქმულა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ვადით კენჭისყრის შესახებ.
კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ახალი ვადით წარდგენის შესაძლებლობა ნამდვილად განიხილება.
მისი თქმით, კრემლმა დაისახა დავალებად 2021 წლის საპარლამენტო კამპანიის მიმდინარეობის გაანალიზება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს საუკეთესო პრაქტიკა იყოს გამოყენებული და მოხდეს ყოველგვარი არასწორი ნაბიჯის აცილება.
საკითხის კომენტირებისას დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნამდვილად ემზადება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
„თითოეული არჩევნებისთვის მზადება არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და თავად პრეზიდენტის ყოველდღიური მუშაობის არსი. ყველაფერი, რაც ამა თუ იმ გზით კეთდება, არის მომზადება“, – თქვა პესკოვმა.