“გადაუმოწმებელი ცნობებისა და ჭორების გამოქვეყნებით ცნობილმა „ტვ პირველმა“ საზოგადოებას მორიგი ცალმხრივი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია მიაწოდა”

“გადაუმოწმებელი ცნობებისა და ჭორების გამოქვეყნებით ცნობილმა „ტვ პირველმა“ საზოგადოებას მორიგი ცალმხრივი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია მიაწოდა”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

“ამჯერად, საფუძვლად აღებული იქნა აუდიტის სამსახურის დასკვნა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშო პერიოდისთვის კონსოლიდებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტზეა საუბარი. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გამოთქმული შენიშვნების უდიდესი ნაწილი პროცედურული შინაარსის იყო და ისინი უკვე გასწორდა ან გასწორების პროცესშია.

ერთადერთი საკითხი, რომელიც აუდიტის სამსახურმა მთავარ პროკურატურაში გადაგზავნა შემდგომი შესწავლისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას საერთოდ არ განეკუთვნება. მეტიც, სამინისტრო ეთანხმება აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებას, უკეთ იქნას ეს კონკრეტული საკითხი შესწავლილი, რადგან თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების არაეფექტიანად განკარგვის რისკები.

ნაცვლად იმისა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიემართათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და აუდიტის სამსახურისთვის განმარტების მისაღებად, მათ მოამზადეს ტენდენციური და ცილისმწამებლური სიუჟეტი, მოახდინეს არაზუსტი ცნობების ტირაჟირება და მაყურებელი განზრახ შეცდომაში შეიყვანეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ღიაა თანამშრომლობისთვის მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებასთან, რომელთა სურვილი და ინტერესია გადამოწმებული და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ პირველწყაროდან შეიტყოს იმ პროექტებისა და რეფორმების, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, რომელთაც სამთავრობო გუნდი ახორციელებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები