სტუდენტების დასაქმების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრესკონფერენციაზე მინისტრის მრჩეველმა ოთარ აბესაძემ აღნიშნა, სტუდენტები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში დასაქმდებიან.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ყველა იმ ქალაქში ჩატარდა, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. დღესვე გაიმართა პრეზიენტაციები იმის თაობაზე, თუ რა სახით მოხდება სტუდენტთა ჩართულობა ამ პროექტში, რა სახის სამუშაოები ექნებათ შესასრულებელი და ა.შ. აღნიშნულ პროექტში სტუდენტები ერთვებიან შემდეგი პრინციპით: მემორანდუმის შინაარსიდან გამომდინარე, უნივერსიტეტების ფაკულტეტებმა აიღეს ვალდებულება, რომ თითოეული ფაკულტეტიდან გაეწიათ მაღალი მოსწრების და მაღალი შეფასების მქონე სტუდენტებისთვის რეკომენდაცია. თითოეულ რეკომენდირებულ სტუდენტს აქვს ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია. 31 ივლისის ჩათვლით კი, უნივერსიტეტები მოგვაწოდებენ რეკომენდირებულ სტუდენტთა სიას. ეს სია გადაეცემა საქსტატს და ისინი ამ პროექტში დასაქმდებიან. კვოტები განისაზღვრა უნივერსიტეტებში არსებული სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით. თუ რომელიმე სტუდენტი ვერ მოხვდა ამ რეკომენდირებულთა სიაში, მათ თავისუფლად შეუძლიათ ისევე, როგორც სხვებს, ვებგვერდზე www.hr.gov.ge დარეგისტრირდნენ და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. ვაკანსიას საქსტატი გამოაქვეყნებს და სტუდენტებს შეეძლებათ თავიანთი რეზიუმე ატვირთონ. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების მიერ რეკომენდირებული 1620 სტუდენტი დასაქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები