ეკატერინე ტიკარაძე: არ მაქვს გეგმაში გავასაჯაროო, თუ სად ვიქნები – როდესაც ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ
“თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
ტირაკაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ სად აპირებს წასვლას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის ოფიციალურად დატოვების შემდეგ.
„მნიშვნელოვანი იყო სამწლიანი მუშაობის შეფასება გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს და ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაგვესაჯაროებინა იმ ქმედებების და იმ შედეგების ნაწილი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივმა გუნდმა ამ პერიოდის განმავლობაში შედეგად დადო. ასევე, ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც აგრძელებს მუშაობას სამინისტროში ვინაიდან ეს გარკვეულწილად ასტიმულირებს მათ შემდგომ მიზნებს და მნიშვნელოვანია, რომ რომ მინისტრისგან და შემდგომ ახალი მინისტრისგანაც მათ ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა, ვინაიდან სამინისტროში არიან მაღალპროფესიონალი კადრები, რომლებიც არიან საჯარო მოხელეები და ისინი მზად არიან გააგრძელონ მუშაობა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.
არ მაქვს გეგმაში, გავასაჯაროო, სად ვიქნები. იმ დროს, როცა ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ. არც ერთ ეტაპზე, არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, მე პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია, ეს გამოჩნდება იანვარშიც, რადგან აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ჩემი პროფესია და მიზანი, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს”, – განაცხადა ტიკარაძემ.