ბათუმს რუმინეთიდან საკრუიზო ხომალდი Riviera ეწვია
როგორც “კვირას” ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციიდან აცნობეს , მსგავსი სიდიდის ხომალდს რეგიონი პირველად მასპინძლობს. ხომალდი 2012 წელს არის აგებული და რუმინეთიდან საქართველოში ერთი დღით შემოვიდა, აჭარის შემდეგ კი გეზი სტამბოლის მიმართულებით აიღო. Riviera-ზე 1250 ტურისტი და 600-მდე ეკიპაჟის წევრი იმყოფება, მათ სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით ადგილობრივი ტურისტული კომპანია მოემსახურა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. 2012 წელს რეგიონს 10-მდე საკრუიზო ხომალდი სტუმრობდა, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი, 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას განცხადებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო უმსხვილესი საკრუიზო ხომალდის ყურადღების არეალში მოექცა და ეს დადებითი ტენდენციაა.