რა მარკის ავტომობილებს ანიჭებენ საქართველოში უპირატესობას? -შსს-ს სტატისტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ-ექსპორტის და ავტოპარკის სტრუქტურის შესახებ“ სტატისტიკურ-ანალიტიკურ კვლევას აქვეყნებს. პრეზენტაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ. პრეზენტაციაში გათვალისწინებულია: დინამიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით; ავტოპარკის განახლების და გაახალგაზრდავების ტენდენციები; ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე, ფიზიკურ პირთა სქესის და ასაკის მიხედვით. საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება.
უწყების ინფორმაციით, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რუხი და თეთრი ფერისაა. 2011-2013 წლებში საგრძნობლად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის, მისაბმელების და მოტოტრანსპორტის რაოდენობა. ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული, თუმცა იზრდება 3 წლამდე ასაკის ავტო-მოტო ტრანსპორტის რაოდენობა.
2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა NISSAN-ის (32%) და HONDA-ს (30%) რაოდენობა. HONDA CRV-მ და VOLKSWAGEN JETTA/VENTO-მ 2013 წელს საუკეთესო ათეულში ჩაანაცვლეს VOLKSWAGEN PASSAT-ი და OPEL OMEGA. მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (51,9%) სედანის ტიპისაა, თუმცა, 2013 წელს უფრო მოთხოვნა იყო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანებზე. სამგზავრო და სატვირთო ავტომანქანებში ლიდერობს FORD-ი, რომელიც სამგზავროების ა/ მანქანების 53%-ს შეადგენს, ხოლო სატვირთოების – 34%-ს. თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 4-დან 9-მდე მერყეობს. როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა უმრავლესობა უპირატესობას MERCEDES BENZ-ის მარკის ავტომანქანას ანიჭებს. 2013 წელს იმპორტის მოცულობა 17%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 21,2% დიზელის ძრავიანია.
მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი მთელი იმპორტის 15%-ს შეადგენს; თითქმის 2-ჯერ გაიზარდა SUBARU-ს იმპორტი, რომელმაც ათეულში HYUNDAI ჩაანაცვლა. 2013 წელს RENAULT-ს ახალ ა/მ-ებზე მოთხოვნა თითქმის 4-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს საუკეთესო ავტომწარმოებელთა ხუთეულში შესული ავტომარკების ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია: TOYOTA Hilux, HYUNDAI Elantra, SKODA Octavia, KIA Rio და RENAULT Logan. 2013 წელს პრემიუმ ბრენდების ყველაზე პოპულარული მოდელებია: Land Rover range rower (38), Land Rover Evoque (26), Mercedes ML (24) და BMW X5(23). პრემიუმ ბრენდებში უპირატესობა ენიჭებოდა 50000 აშშ დოლარამდე ღირებულების ა/მ-ებს, ხოლო საბიუჯეტო კლასიდან – 15000 აშშ დოლარამდე ღირებულების ა/მ-ებს .