ანტონ ბრედიხინი – “რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში გასცდნენ თავიანთ მისიას, მათი საქმიანობა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში განსხვავდება”
ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალები ასრულებენ ფუნქციებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა დსთ-ს სივრცეში ეთნიკური კონფლიქტების ზონაში სამშვიდობოების კომპეტენციაში, – განუცხადა Haqqin–az-ს რუსმა პოლიტოლოგმა, ეთნიკური და საერთაშორისო კვლევების ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა, ჟურნალ Archont-ის მთავარმა რედაქტორმა, ანტონ ბრედიხინმა.
მისი თქმით, “დიდი განსხვავებაა რუსი სამშვიდობოების ფუნქციებში აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთსა და მათ საქმიანობაში ყარაბაღში”.
“ერთ შემთხვევაში მათი ძირითადი საქმიანობა იყო კონფლიქტის მხარეების გამოყოფა, ყარაბაღში კი სამშვიდობოები აშენებენ საავადმყოფოებს, არემონტებენ სკოლებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ეხმარებიან ფერმერებს მინერალური სასუქებით, აწარმოებენ გაზიფიკაციას და ა.შ. სამშვიდობოებს შეიძლება, ჰქონდეთ არასამხედრო ამოცანები: საომარი მოქმედებების მსხვერპლთა დახმარება, მიღწეული შეთანხმებების პირობების მონიტორინგი და ა.შ., მაგრამ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში ბევრად სცილდებიან სამშვიდობო კონტიგენტის უშუალო მისიას”, – თქვა მან.
ანალიტიკოსის აზრით, დიდი ალბათობით, ეს არის შედეგი – ერთი მხრივ, ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უიმედობის, რომელსაც არ აქვს საშუალება და ძალა, თავად აღადგინოს რეგიონი და, მეორე მხრივ, სომხეთის ეკონომიკური კოლაფსის, საგარეო ინვესტიციების ნაკლებობის შედეგი.
ბრედიხინი მიიჩნევს, რომ ყარაბაღში ინფრასტრუქტურის შექმნა არა სამშვიდობოებმა, არამედ აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა განახორციელოს.