სტოლტენბერგი – ნატოს არასოდეს დაუდია პირობა, რომ არ გაფართოვდებოდა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს პასუხობს და უარყოფს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოსდა, ალიანსმა ოდესმე პირობა დადო, არ გაფართოებულიყო.
„ნატოს არასოდეს დაუდია პირობა, რომ არ გაფართოვდებოდა. კერძოდ, ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელ შეთანხმებაში მითითებულია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია გახდეს ალიანსის წევრი. მეორეც – არის დოკუმენტები, რომლებიც ეხება 70-იან, 90-იან წლებს – ჰელსინკის დასკვნითი აქტი, პარიზის ქარტია, რუსეთი-ნატოს დამფუძნებელი აქტი და სხვა მრავალი შეთანხმება, რომლებიც აშკარად ცხადყოფენ, რომ ქვეყნებს გააჩნიათ უფლება, აირჩიონ თვისი გზა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ნატოს არასოდეს დაუდია DPA -სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ეს ფუძემდებლური პრინციპია ევროპული უსაფრთხოების, რომელზეც ხელი რუსეთმა მოაწერა.
„მოკავშირეებიც კატეგორიულად უარყოფენ, რომ რაიმე მსგავსი პირობა ჰქონდეთ დადებული. თავად ყოფილმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა თქვა, რომ ნატოს გაფართოების თემა არასოდეს წამოწეულა გერმანიის გაერთიანებამდე“, – განაცხადა გენმდივანმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნატომ, „ცივი ომის“ შემდეგ, რუსეთი მოატყუა გაფართოების თანმიმდევრული ტალღებით.