სტოლტენბერგმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან

“ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოუწოდა რუსეთს, კათოლიკური შობის წინა დღეს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან და ამით შეამციროს დაძაბულობა რეგიონში”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სააგენტო dpa-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, მოსკოვს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს მშვიდობიანი დასვენების პერიოდი ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

სტოლტენბერგის თქმით, საუბარია რუსეთ-უკრაინის საზღვართან კონცენტრირებულ ათიათასობით სამხედრო მოსამსახურეზე.

“რუსეთის ფედერაციამ უკვე მიმართა აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის დროს”, – თქვა სტოლტენბერგმა და ხაზი გაუსვა სამხედრო ძალების დაგროვების მასშტაბებსა და მისი შეწყვეტის ან შენელების ნიშნების არარსებობას.

სტოლტენბერგმა არ განმარტა, ხედავს თუ არა რუსული ჯარების მოძრაობაში მოსკოვის მცდელობას, მოიპოვოს დათმობები ალიანსისგან უსაფრთხოების საკითხებში.

ამასთანავე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზადყოფნა, ესაუბროს მოსკოვს მისი მოთხოვნის პირობებში „უსაფრთხოების გარანტიების“ გათვალისწინებით.

ამავდროულად, ალიანსის ხელმძღვანელმა უარყო იდეები ცალკეული სახელმწიფოების ნატო-ში შესაძლო მიუღებლობის შესახებ.

„ჩვენ არ შეგვიძლია, ეჭვქვეშ დავაყენოთ ნატო-ს უფლება, დაიცვას ყველა მოკავშირე, ისევე – როგორც ძირითადი პრინციპი, რომ ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები