მედოევმა და ლავროვმა საქართველოში აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო აქტივობის გაძლიერების საკითხი განიხილეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა 20 დეკემბერს სოჭში რუსეთის პირველ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკება გამართა.

აღინიშნება, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს, რომელთა განხილვის მნიშვნელობა დიდწილად განპირობებულია რეგიონში შექმნილი რთული სიტუაციით, კერძოდ, საქართველოში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო აქტივობის გაძლიერებით.

როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “სამხრეთ ოსურმა მხარემ აღნიშნა რუსეთის გადამწყვეტი როლი რესპუბლიკაში მშვიდობის შენარჩუნებაში და გამოთქვა რწმენა, რომ შეხვედრა ემსახურება ორი სახელმწიფოს ურთიერთქმედების შემდგომ გაძლიერებას საერთაშორისო ასპარეზზე, უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე”.

“ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ დონეს, რომელიც გამყარებულია საკანონმდებლო ბაზით და რომელსაც დაემატა წელს გაფორმებული არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება.  დადასტურდა ერთობლივი მუშაობის მზაობა პოლიტიკური დიალოგის განმტკიცების გზების ძიებაში, ასევე, სოციალურ-ეკონომიკური, სამეცნიერო და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოება”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სოჭში სერგეი ლავროვი ასევე შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები