„კვირას“ მიერ რუს დიპლომატზე გამოქვეყნებული სკანდალური სტატიის შემდეგ ანი ნადარეიშვილს ბრალდებებს უყენებენ
ბაჩო ახალაიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ანი ნადარეიშვილს ბრალდებებს უყენებს. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ტრისტან წითელაშვილი ამტკიცებს, რომ ახალაიას მეუღლის სახლში 2009 წლიდან სპეცსამსახურებთან საეჭვო კავშირებში მყოფი რუსი დიპლომატი ანდრეი სმაგა ცხოვრობდა და საქართველოში სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა. წითელაშვილის ცნობით, სმაგას საეჭვო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ნადარეიშვილის სახლში მისი ძმის დაკავების გამო ჩხრეკა მიმდინარეობდა.
“ანდრეი სმაგა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელია, საქართველოში ბაჩანა ახალაია და მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხვდებოდნენ. მასთან ურთიერთობა ასევე ჰქონდათ “ნაციონალურ მოძრაობის“ სხვა მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის გივი თარგამაძესა და გიორგი ბარამიძეს. ანი ნადარეიშვილმა აუცილებლად უნდა განმარტოს, რა მიზეზებითა და ვისი მეშვეობით ხდებოდა ანდრეი სმაგას მფარველობა მის ოჯახში“, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
პროკურატურის მოწმე – წითელაშვილის განცხადებას აბსურდულს უწოდებს ბაჩო ახალაიას მეუღლე, რომელიც წითელაშვილს რუსეთის ჯაშუშად მოიხსენიებს.
“კრემლის ცნობილი აგენტის დონეზე, სამწუხაროდ, მე ვერ დავალ, ეს სახლი 2009 წელს სახელმწიფოსთან შეთანხმებით გაქირავდა. არის საიდუმლო და საიდუმლოს ვერანაირად ვერ გავცემ“, – აღნიშნა ნადარეიშვილმა.
ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ძმის, ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა სკანდალური დეტალი ამოატივტივა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები ვლადიმერ ნადარეიშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი მშობლების კუთვნილი ერთ-ერთი ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ, მათ ბინაში შესვლის უფლება მეიჯარემ არ მისცა და განაცხადა, რომ ის რუსი დიპლომატია, რომელიც წლებია აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს. „კვირა“ შეეცადა, აღნიშნული დიპლომატის სტატუსის და საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღმოჩნდა, პირი, რომელიც ნადარეიშვილების ბინაში წლებია ცხოვრობს, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ანდრეი სმაგაა. ახალაიას სიდედრმა ლიდია ყურაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას დაადასტურა ფაქტი, რომ სახლი ნამდვილად ერთ-ერთ დიპლომატზე, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე აქვს გაქირავებული. თუმცა ახალაიას სიდედრმა მისი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა და განმარტა, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ სურს.