ვახტანგ ჭარაია: ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა შთამბეჭდავად 48.6%-ით აღემატება პანდემიამდელ, 2019 წლის ნოემბერის მონაცემებს

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით კიდევ უფრო 2021 წლის ნოემბერში გაძლიერდა.

მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები შემდეგი მიმართულებით: 2021 წლის ნოემბერში წინა წელთან შედარებით ჯამური ექსპორტი 42.9 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 430.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ნოემბერში დაფიქსირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა 23.8%-ით გადააჭარბა 2019 წლის ნოემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს. გარდა ამისა, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი გაიზარდა 26.7 პროცენტით და 3,822.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 24.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელს და 8,999.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 12.4%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემს.

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, 2021 წლის ნოემბრის ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ნოემბერთან შედარებით გაიზარდა – 44.1 პროცენტით და 325.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა შთამბეჭდავად 48.6%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდისაც – 2019 წლის ნოემბერის მონაცემებს. მისი თქმით, ზრდა განპირობებული იყო შემდეგ პროდუქტებზე მოთხოვნით: ფეროშენადნობის (გაიზარდა 79.1%-ით და შეადგინა $414.8 მლნ.); მსუბუქი ავტომობილების (14.5%-ით და $417.6 მლნ.); აზოტოვანი სასუქების (59.5%-ით და $97.7 მლნ.); ყურძნის ნატურალური ღვინოების (16.2%-ით და $216.4 მლნ.); მინერალური და მტკნარი წყლების (24.4%-ით და $130.9 მლნ.); თხილისა და კაკლის (30.8%-ით და $106.4 მლნ.); სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (3.2%-ით და 750.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სხვა პროდუქტებით.

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული ზრდა მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს კოვიდ პანდემიით გამოწვეული შოკის დაძლევას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები