ლაშა ხუციშვილი: პირველი მარტი ოპტიმალური პერიოდია, რათა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სფეროში ინიცირებული რეგულაციების ეფექტურად ამოქმედება

1-ელი მარტი ოპტიმალური პერიოდია, რათა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სფეროში ინიცირებული რეგულაციების ეფექტურად ამოქმედება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სათამაშო ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა ამოქმედების შემდეგ შეიძლება, განიცადოს გარკვეული კორექტივები, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, გამოიკვეთოს ახალი გარემოებები და მასზე რეაგირება გახდეს საჭირო.

„შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ არც საგადასახადო ტვირთი და არც რეგულაციების სიმკაცრე არ არის იმ მასშტაბის, რაც მოგვცემს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს სექტორი საქართველოში ყველაზე მკაცრადაა რეგულირებული ამ ახალი ინიციატივის ფარგლებშიც კი. არის ქვეყნები, მათ შორის, ევროკავშირში, სადაც ბევრად უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთი და უფრო მეტი შეზღუდვა არსებობს სათამაშო ბიზნესის სექტორში. ზოგადად, ეს ბიზნესი და სექტორი, რეგულირებულია მსოფლიოს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. ის, რომ ეს სექტორი რეგულირებულია, სიურპრიზი არავისთვის არ არის და არც უნდა იყოს ამ ბიზნესსაქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ცვლილებებს – ჩვენ თვალყურს ვადევნებთ როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა პარლამენტში. როგორც იცით მეორე მოსმენის პერიოდში დოკუმენტში გარკვეული კორექტივები შევიდა.

გარკვეული კომპრომისები გაწეული იქნა ინიციატორების მხრიდან. სახელმწიფოს მხრიდან, ვადებთან მიმართებით განისაზღვრა ერთიანი ვადა როგორც სარეკლამო სექტორისთვის, ასევე სხვა რეგულაციების ამოქმედებისთვის. ასევე, საბანკო რეგულაციების ამოქმედებისთვის გარკვეულწილად იყო სხვადასხვა ვადები და ეს ვადებიც დაახლოვდა და განისაზღვრა პირველი მარტი, რაც ვფიქრობ, რომ ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რათა მოხდეს ყველა ამ რეგულაციის ეფექტურად ამოქმედება. რა თქმა უნდა, ამოქმედების შემდეგ, პროცესში გარკვეული კორექტივები შესაძლებელია, განიცადოს დოკუმენტმა, გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება გამოიკვეთოს ახალი გარემოებები, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს კიდევ მეტ რეაგირებას. ეს უკვე სამუშაო და მიმდინარე პროცესია, რასაც, ბუნებრივია, მონიტორინგს გაუწევს ფინანსთა სამინისტრო,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები