გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებული დოკუმენტის (NDC), კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პარლამენტის ინფორმაციით, მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილზე, კლიმატის ცვლილების 2030 სტრატეგიასა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მისი ინფორმაციით, ეროვნული წვლილის დოკუმენტი მთავრობის მიერ მოწონებულია და წარდგენილია კლიმატის კონვენციის სამდივნოში.
მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნულ დონეზე 2030 წლისთვის სათბური აირების 35%-მდე შემცირებას, მაგრამ აქვე არის პირობითი ვალდებულება, რომ ეს შეიძლება გაიზარდოს 50-57%-მდე, თუკი ქვეყანას ექნება საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა პარტნიორებისგან. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ცალკეული სექტორების მიხედვით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სათბურის აირების მნიშვნელოვნად შემცირებას, მათ შორის, სატრანსპორტო, სამრეწველო, სამშენებლო და სხვა სექტორებში.
საკითხის განხილვა შეაჯამა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ და აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებათა ადაპტაციისა და ვალდებულებების შესრულების გზაზე პარლამენტის ჩართულობა იქნება დიდი. „ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც დეკარბონიზაციის მიმართულებით აქვს სახელმწიფოს აღებული და, ზოგადად, კლიმატის ცვლილების და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის რაოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს განსახორციელებელი არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ ყველა სხვა უწყებას და მუნიციპალიტეტს.
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს და ბრიტანეთის მთავრობას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ჩვენ სამომავლოდ ამ კუთხით თანამშრომლობას ვგეგმავთ, ბუნებრივია, სამინისტროს, სამთავრობო სტრუქტურების ჩართულობით. დავიწყეთ ფიქრი გარკვეული კანონმდებლობის შემუშავების კუთხით, ე. წ. კლიმატის ცვლილების კანონზე, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციებს და მოვალეობებს. ვფიქრობთ საპარლამენტო კონტროლის და როლის გაძლიერებაზე, დეკარბონიზაციის მთელ გზაზე, დამთავრებული 2030 წლისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური, საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც აუცილებლად განსახორციელებელი აქვს საქართველოს. იმედი მაქვს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ დავასრულებთ ამ კანონპროექტზე მუშაობას და პარლამენტის ჩართულობა კლიმატის ცვლილებათა ადაპტაციისა და ვალდებულებების შესრულების გზაზე იქნება ძალიან დიდი”, – განაცხადა მაია ბითაძემ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ინფორმაცია ცნობად მიიღო. საკომიტეტო მოსმენა გაიმართა გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით, საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ხედვის გასაცნობად. გაერთიანებული სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) მხარს უჭერს საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და კლიმატის მმართველობის გაძლიერებას კლიმატის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმულირებასა და ზედამხედველობაში უფრო ინკლუზიური და გამჭვირვალე, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის გზით. ამ მიზნით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და პოლიტიკური პარტიებთან.