„სათამაშო ინდუსტრია ვერ აცნობიერებს იმ მორალურ ტვირთს, რომელიც ამ ბიზნესს ახლავს“ – გიორგი ბახტურიძე

“სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ იმ მორალურ ტვირთს, რომელიც ამ ბიზნესს ახლავს, ურცხვად აცხადებდნენ, რომ მათი ბიზნესი ბიუჯეტისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, რომ ისინი, თურმე, დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნავენ და ფიქრობენ, რაც არასერიოზული და სასაცილოა”, – ამის შესახებ „სათამაშო ბიზნესის რეგულირების ალიანსის“ წევრმა, ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტმა, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბახტურიძემ სათამაშო ბიზნესის სფეროში დაგეგმილი რეგულაციები შეაფასა.

„მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ სათამაშო ბიზნესის სფერო დარეგულირებულიყო. 3 წლის წინ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, სპეციალურ სახელმწიფო კომისიაში ვმუშაობდით, გარკვეული პრინციპები და საკითხები შეთანხმდა. 3 წლის თავზე მაშინდელი შეთანხმების რეალიზაციის ნიშნები ნაწილობრივ გამოჩნდა, თუმცა, მოთხოვნა მეტი იყო.
ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა და ამ მდგომარეობის ერთ-ერთი განმაპირობებელი სწორედ დაურეგულირებელი სათამაშო ბინზესია. საკმაოდ მოწყვლადია არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ფენა, არამედ, ფაქტობრივად, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ამ თამაშების ქსელში ჩაერთვება და მასზე დამოკიდებული გახდება, შეიძლება, ის ერთ დღეს გაკოტრებული აღმოჩნდეს და თვითმკვლელობამდეც მივიდეს. თვითმკვლელობებში ამ სფეროს საკმაოდ სერიოზული წილი აქვს, თუმცა, ინდუსტრია ამბობს, შსს-დან ინფორმაცია გამოვითხოვეთ და იქ არ წერია, კონკრეტული ადამიანი თვითმკვლელობამდე ამ ბიზნესმა მიიყვანა, თუ არაო. ისინი ვერ აცნობიერებენ იმ მორალურ ტვირთს, რომელიც ამ ბიზნესს ახლავს. ურცხვად აცხადებდნენ, რომ მათი ბიზნესი ბიუჯეტისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, ისინი, თურმე, დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნავენ და ფიქრობენ, რაც არასერიოზული და სასაცილოა“, – განაცხადა ბახტურიძემ.

მისი თქმით, კარგია ის, რომ მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, თუმცა, მნიშვნელოვანია, წაგების მარჟაც იყოს დადგენილი.

„ამ თამაშებზე დამოკიდებული, დაახლოებით, 500 000 ადამიანია. განსაკუთრებით – ონლაინრეჟიმში თამაშობენ. პანდემიის პერიოდში სახმელეთო მიმართულებები შეზღუდული იყო. განსაკუთრებით, ახალგაზრდები ონლაინთამაშებზე გადაერთნენ. ამ ბიზნესში ბრუნვა ბოლო 3 წელში კატასტროფულად გაიზარდა, გასულ წელს 35 მილიარდს გადააჭარაბა. თუ ბოლო წლების შემოსავლებს დავაკვირდებით, ამ ბიზნესიდან საშუალოდ 300 მილიონი ლარი შემოვიდა, როცა, მინიმუმ, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით ჩვენი და ეკონომისტების ანგარიშით მილიარდ ლარამდე მაინც უნდა შემოსულიყო. ეჭვი მაქვს, რამდენიმე მილიარდი ქვეყნის გარეთ, ოფშორულ ანგარიშებზე გაედინა.
რეგულირებას მივესალმეთ, მაგრამ ის ზომები, რომლებიც იგეგმება, სრულფასოვანი არ არის. კარგია, რომ ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწევა, თუმცა, თუ წაგების მარჟა არ იქნა დადგენილი, რთული იქნება, მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანიც კი, შეიძლება, ერთ დღეს გაკოტრდეს. უნდა არსებობდეს წაგების მარჟა და არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლებიდან 10 %-ს. მაგალითად, თუ წლის განმავლობაში ადამიანს აქვს შემოსავალი მილიონი, მისი წაგების მარჟა 100 000 ლარს არ უნდა სცდებოდეს.
მისასალმებელია, რომ საჯარო მოხელეებსა და მაღალი თანამდებობის პირებს თამაში აეკრძალებათ, თუმცა, მნიშვნელოვანი იქნეოდა ამ წრის გაფართოება პედაგოგების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თვალსაზრისითაც.
ამ ეტაპზე, ეს შეზღუდვებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.
რაც შეეხება თამაშზე დამოკიდებული პირების რეაბილიტაციას: ჩვენი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ თამაშზე დამოკიდებული პირებისთვის შესაბამისი პირობები შექმნას”, – განაცხადა ბახტურიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი 17 დეკემბერს დაუჭირა.
პროექტი აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრასა და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს.

ცვლილებებით, ასევე, განსაზღვრულია დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიის განმარტება, რეგულირდება ონლაინთამაშების რეკლამირება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.

„კანონპროექტის მიზანია, რომ მაქსიმალურად შეეზღუდოს წვდომა იმ რისკჯგუფებს და იმ სეგმენტს, რომელიც არის ძალიან მოწყვლადი და არ მოხდეს წახალისება ამ სექტორის და ამ ბიზნესის. ძალიან მიკვირს, როდესაც უნდათ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. იმისთვის, რომ ტელევიზიების ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული, შევეცადეთ მაქსიმალურად მიგვეცა ის მოცემულობა და ის დრო, რომელიც გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო. ჩვენი მხრიდან, ამ საკითხთან მიმართებით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ის რიტორიკა, რომლითაც უნდათ კანონპროექტი დააზიანონ და საზოგადოებრივი აზრი შეცვალონ, ვერ მოხდება, რადგან თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კანონპროექტის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ამ პრობლემასთან ბრძოლაში“, – განაცხადა პარლამენტის, წევრმა, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები