საქართველო ლუზოფონური სამყაროს წევრი გახდა
საქართველო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ასოცირებული წევრი გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, 2014 წლის 23 ივლისს ტიმორ-ლეშტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. დილიში გამართული პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის მე-10 სამიტზე (10th Summit of the Community of Portusuese-Speaking Countries (CPLP) საქართველოს თანამეგობრობის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.
დილის სამიტზე ასოცირებული წევრები საქართველოსთან ერთად გახდნენ: თურქეთი, იაპონია და ნამიბია. ეკვატორული გვინეა კი ორგანიზაციის წევრად იქნა არჩეული. თანამეგობრობა, რომელიც პორტუგალიასა და მის ყოფილ კოლონიებს აერთიანებს, 1996 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს მასში გაწევრიანებული ახლა უკვე ცხრა ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას და პორტუგალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას.
საქართველომ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობაში ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების თაობაზე განაცხადი 2012 წელს შეიტანა. საქართველოსთვის CPLP-ში ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს პორტუგალიურენოვან სახელმწიფოებთან ორმხრივი ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა, მრავალმხრივ ფორმატში ეფექტური თანამშრომლობისა და ლუზოფონურ სამყაროსთან დაახლოების თვალსაზრისით.