ვაზისუბანში აფეთქებისას დაშავებული ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ექიმის, თეა უროტაძეს განცხადებით, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

მისი თქმით, 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მამაკაცი, დიაგნოზია სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. ამ წუთისთვის, მისი მდგომარეობა არის მძიმე”, – აღნიშნა თეა უროტაძემ.

დანარჩენმა სამმა დაშავებულმა კი ინტოქსიკაცია მიიღო და ისინი სტაციონარში მოთავსდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების გამო პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები