რა კავშირი აქვს ვაქცინას რელიგიასთან და ექმნება თუ არა – აცრილ ადამიანს ზიარების პრობლემა – ინტერვიუ დეკანოზ გურამ ჭარელაშვილთან

სად გადის ზღვარი რელიგიას და მედიცინას შორის, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე – ეს არავინ იცის, თუმცა ყოველთვის არსებობს მესამე, მათ შორის მყოფი და ბევრისთვის უფრო მისაღები – ეს გახლავთ ცრურწმენა და მითები, რომლის გამოც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ყოველთვის ზარალდება.

ხშირად სწორედ ეს ცრურწმენა და მითები ხდება იმის მიზეზი, რომ ხალხი აცრისგან თავს იკავებს და კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთადერთ იარაღს – ვაქცინას უგულებელყოფს. არადა, მედიკოსები ცალსახად მოგვიწოდებენ და გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსის ნებისმიერი მუტაციის დროს ვაქცინა უმნიშვნელოვანესია და რომ გადავრჩეთ – უნდა ავიცრათ.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვაქცინის შექმნა საწყის ეტაპზე იყო, დაიწყო დეზინფორმაციის მძლავრი კამპანია იმუნიზაციის წინააღმდეგ, რაშიც, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გარდა, აქტიურად ჩაერთნენ სასულიერო პირები. ისინი საკუთარ მრევლს აცრისგან თავშეკავებას მოუწოდებდნენ და მას „დაჩიპვასთან“ აიგივებდნენ, რომელსაც, მათი მტკიცებით, ეკლესია კრძალავდა.

ამ ყველაფრის ფონზე კი, აუცილებელი გახდა ეკლესიის და იმ სასულიერო პირების პოზიციის გაცნობა, რომელთა ნაწილი უკვე აცრილია და ფიქრობს, რომ კორონავირუსთან გამკლავების გზა სწორედ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციებია და ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.

ჯერ კიდევ თებერვალში გამოქვეყნდა სინოდის გადაწყვეტილება, სადაც ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა, როგორც ნებაყოფლობითი და არა – სავალდებულო“,- წერია დადგენილებაში.

აქვს თუ არა კავშირი აცრას რელიგიასთან და შეექმნება თუ არა აცრილ ადამიანს ზიარების და ღვთისმსახურების პრობლემა – ამ თემაზე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი გვესაუბრა.

– მამა გურამ, საზოგადოების ნაწილი ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს და აცრაზე უარს სხვადასხვა, მათ შორის, რელიგიური მოტივითაც ამბობს. რომ განვმარტოთ, არის თუ არა კავშირი აცრასა და რელიგიას შორის?
– საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს აცრას რელიგიასთან, ეს გარკვევით თქვა სინოდმაც, რომ აცრას არანაირი რელიგიური დატვირთვა არ აქვს, თუმცა ადამიანებს რთულად ესმით ეს ყველაფერი, რაღაც უნდობლობას გამოხატავენ. სხვას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ ნათლად წერია სინოდის გადაწყვეტილებაში, რომ აცრას რელიგიური დატვირთვა არ აქვს და მას, ვინც აიცრება, ეკლესიურ მსახურებაში, ზიარებასთან დაკავშირებითაც შეფერხება არ ექნება. ამაზეც უკვე გამოიცა შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არ შეიძლება სასულიერო პირებმა ადამიანები დაყონ – აცრილებად და აუცრელებად და ამის გამო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა არ მიაღებინონ.

– თუმცა, ამის მიუხედავად, ხშირად ვხვდებით სასულიერო პირებს, რომლებიც ანტივაქსერული განცხადებებით გამოირჩევიან და მრევლსაც მოუწოდებენ, არ აიცრან…

– ვინაიდან ახლა ფორსმაჟორული ვითარებაა, ისინი სხვადასხვა წყაროს ეყრდნობიან, ზუსტად არ იციან და არ ენდობიან ამ ინფორმაციებს ვაქცინებზე. მეტი ინფორმაცია და ცნობიერების მეტად ამაღლება ზრდის გადაწყვეტილების მიღების ალბათობასაც და მერე ადამიანს უფრო ადვილად შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ მარტო იმ სასულიერო პირს დავაბრალოთ ვაქცინაციის შეფერხება, ვინც ანტივაქსერული განცხადებებით გამოირჩევა, ესეც არ იქნება მართებული. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეკლესიას რაც შეეძლო, გააკეთა განცხადება, რომ დაუშვებელია, ვიღაცამ ვინმეს აუკრძალოს აცრა, ან გაიგოს, რომ აცრილია და ამის გამო არ აზიაროს. ეს არის რეაქცია და მინდა ვთქვა, რომ ეკლესიას ეს ამბავი რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია.

– თქვენ თუ ხართ აცრილი და თუ გისაუბრიათ თქვენს მრევლში აცრის მნიშვნელობაზე?

– მე, პირადად, აცრილი ვარ. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გამო, პირად ექიმთან გავიარე კონსულტაცია და ავიცერი. ჩემთვის მაქსიმალურად ხელის შემწყობი აღმოჩნდა სინოდის გადაწყვეტილება, რომ ამაში რელიგიურად ისეთი არაფერია.

რაც შეეხება ჩემს მრევლს, აღმსარებლებს, მათ, შეხედულებისამებრ, ვესაუბრები და ვცდილობ, ჩემი რჩევა არ იყოს მათთვის ოდნავ მაინც ძალადობრივი და თავს არ მოვახვიო ჩემი აზრი. ამიტომ თავს შევიკავებ, ვინმეს რამე მოვუწოდო ან არ მოვუწოდო. მე, ყველა შემთხვევაში, ვეწინააღმდეგები ადამიანების დაყოფას, დისკრედიტაციას რაიმე ნიშნით და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ჩემს პოზიციას. ზოგადად, ვფიქრობ, ერთისთვის ნათქვამმა შესაძლოა, მეორე დააზიანოს და მისთვის დრო და პირობა იყოს შესარჩევი.

– რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ეკლესიაში და როგორ აისახა ახალი რეალობა და რეგულაციები მრევლზე ?

– პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. პანდემიის შემდეგ ძალიან ცუდი ტენდენციები წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პოლარიზებული იყო ჩვენი საზოგადოება, კიდევ უფრო პოლარიზებული გახდა. პოლიტიკური ნიშნით გამორჩევის შემდეგ დაემატა ვაქცინირებული და არავაქცინირებული, „მწვანეპასპორტიანი“ და უპასპორტო. რეალობამ, ვფიქრობ, ეკლესიას უფრო მეტად „დაარტყა“, რადგან ეკლესია ადამიანების გაერთიანებას ცდილობს და ამან საპირისპირო როლი შეასრულა და ხალხი რამდენიმე ნაწილად დაყო. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ჩვენი ქმედებით საზოგადოებაში დაპირისპირება არ გამოვიწვიოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები