თამარ სანიკიძე: არც ერთი მშობელი წიგნის დაკარგვის, ან განადგურების შემთხვევაში ფულს არ იხდის

არც ერთი მშობელი წიგნის დაკარგვის, ან განადგურების შემთხვევაში სკოლაში ფულს არ იხდის, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ფულადი ჯარიმა მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში არ არსებობს. მისივე თქმით, ყველა მოსწავლე თანაბარ მდგომარეობაში იქნება, მას ახალი და გამოყენებული წიგნები შეკვრაში შეზავებულად გადაეცემა.
“ერთადერთი, რაც მშობელს ევალება, თუ ბავშვმა დაკარგა წიგნი, განადგურდა, ან აღარ ფიქსირდება, მან თავის შვილს თავად უნდა უყიდოს სახელმძღვანელო და შემდეგ ეს სახელმძღვანელო ჩააბაროს. შარშან წლის განმავლობაში 192 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაზიანებულ წიგნებს რაც შეეხება, მთავარია მშობელმა წიგნი წარმოადგინოს. ამას სკოლა ჩაიბარებს, უბრალოდ ამის გამოყენება შემდეგ წელს არ მოხდება. მშობელს არანაირი საფასურის გადახდა არ უწევს. ეს წესშიც გარკვევით წერია. საუბარია, რომ ზოგიერთი ბავშვი არათანაბარ პირობებში იქნება, რადგან მას გამოყენებული წიგნი შეხვდება. უნდა ვიცოდეთ, რომ სკოლას ინსტრუქცია მიღებული აქვს. დაკომპლექტება მოხდება ასე: არცერთ მოსწავლეს არ ექნება მხოლოდ გამოყენებული და მხოლოდ ახალი წიგნი. ეს იქნება შეკვრები, რომლებიც იქნება შეზავებული ზუსტად, თანაბრად. ახალი და გამოყენებული წიგნი შეკვრაში შეზავებული იქნება. ამით ჩვენ ყველა მოსწავლეს თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენებთ”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
მინისტრის განმარტებით, წიგნი, რომელიც ახალივით გამოიყურება, ქსელში დარჩება, ხოლო დაზიანებული წიგნი ქსელიდან ამოვა. მისივე ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის წიგნების საჭირო რაოდენობა 65% იბეჭდება. თამარ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს სახელმძღვანელოების მიღებაზე 25-მა მშობელმა უარი თქვა, რადგან მათ ნაწილს სახელმძღვანელო უკვე ჰქონდა.
“ვისაც წიგნების შეძენის საშუალება აქვს და სამინისტროს სახელმძღვანელოები არ უნდა, შეუძლია სკოლას განცხადებით მიმართოს და სახელმწიფოსგან სახელმძღვანელო არ მიიღოს”, – განმარტა მინისტრმა.
ნახევარ მილიონამდე მოსწავლე უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები