თბილისის მერიის თანამშრომლებზე 300%-იანი პრემიები გაიცა

პორტალ „კვირა“ ინფორმაციით, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებში და გამგეობებში 300%-იანი პრემიები გაიცა. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა პეტრიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია. მისი თქმით, მერიის მაღალი თანამდებობების პირებზე და თანამშრომლებზეც პრემიები ყოველთვის დამსახურების მიხედვით გაიცემოდა. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, წელს ივნისის თვეში მერიის თანამშრომლებსა და გამგეობებში დამსახურების მიხედვით გაიცა 15%-იანი პრემია. რაც შეეხება ივლისის თვის შრომით ანაზღაურებას, პეტრიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელფასიც კი არ დარიგებულა.
“მერიის თანამშრომლები ჩემზე ნაწყენებიც კი იყვნენ, რომ თუ საკრებულოში აიღეს და იმსახურებდნენ 300%-იან პრემიას, ჩვენ რატომ არ ვიმსახურებთო? მაგრამ ასე არ მომხდარა. დიდი ოდენობით პრემია თანამდებობის პირებზე არ გაცემულა. ივლისის თვეში პრემია ისევე დარიგდა, როგორც გაიცემოდა სხვა თვეებში. მერიის საქალაქო სამსახურებს აქვთ შრომის ანაზღაურების ფონდის 15%-იანი ლიმიტები და თავიანთ თანამშრომლებზე თავად წყვეტენ სამსახურის უფროსები და გამგებლები, ვის ეკუთვნის პრემია და ვის – არა. პრემიები გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ დამსახურების მიხედვით და ამას თავად სამსახურის უფროსები ან გამგებლები წყვეტენ, თუ ვის გადაეცემა 15%-იანი დანამატი”, – განუცხადა „კვირას“ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა პაპუნა პეტრიაშვილმა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, „კვირა“ მერიის კიდევ ერთ სამსახურს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა გიორგი ქორქაშვილმა განუცხადა, მსგავსი რამ მერიაში არ მომხდარა. მისივე თქმით, მერიის თანამშრომლები ხელფასს ყოველი თვის დასასრულს იღებენ, შესაბამისად, მათ ჯერ არც ხელფასი და არც პრემია მიუღიათ.
„არანაირი პრემია არ აგვიღია. ჩვენ ხელფასს თვის ბოლოს ვიღებთ, შესაბამისად, ფინანსური სამსახური უწყისს წერს. თვის ბოლოს გავიგებთ, ხელფასთან ერთად მივიღებთ თუ არა პრემიას. ჩემს სამსახურს აქვს თავისი ბიუჯეტი, ჩემი განყოფილების თანამშრომლებს პრემიის სახით 180-დან 200 ლარამდე ისედაც ვაძლევ დამსახურების მიხედვით“, – განაცხადა ქორქაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები