პროკურორი: ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ადვოკატების მიერ წარმოთქმული დასკვნითი სიტყვა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს
ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ადვოკატების მიერ წარმოთქმული დასკვნითი სიტყვა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
“დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, მათ თავიანთი დასკვნითი სიტყვა დააფუძნეს მხოლოდ ბრალდებულების ჩვენებებს. როგორც წინა პროცესზე აღვნიშნეთ, ბრალდებულების ჩვენებებიც წინააღმდეგობრივი იყო, არასწორ ინფორმაციას შეიცავდა, შესაბამისად, ვფიქრობთ, ეს დასკვნითი სიტყვა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საქმის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე, ანუ შედეგზე. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, ჩვენი დასკვნითი სიტყვაც მტკიცებულებებს ეფუძნებოდა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენის სახით უნდა იყოს. მათი დასკვნითი სიტყვა წინააღმდეგობრივი იყო, მათ გონიათ, რომ ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარვადგინეთ, მათი სასარგებლო იყო, რა თქმა უნდა, ისინი ცდებიან”, – განაცხადა პროკურორმა.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების: მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება.