საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, დღეს ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა.
მთავრობის მეთაურმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის სიმტკიცეს. პრემიერმა ასევე ისაუბრა ასოცირებული ტრიოს შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის – დიფერენციაციის ნათელი გამოხატულებაა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ტრიოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებებით გახსნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას.
სამიტის მონაწილეებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე და აღინიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რეგიონის კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით განახლებული ძალისხმევის აუცილებლობას, რაც ევროკავშირის ძლიერ ჩართულობასაც გულისხმობს.