“ნაციონალური მოძრაობა” სისხლის სამართლის სპეციალისტების საქართველოში მოწვევას ეხმაურება
“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მთავრობის მიერ სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების მოწვევას ეხმაურება. როგორც პარტიაში აცხადებენ, დღევანდელი პროკურატურის ამოცანა იმ კრიტიკის განეიტრალებაა, რაც მთავრობას დამსახურებულად ერგო საერთაშორისო ასპარეზზე.
“ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მოიწვია და ჩამოიყვანა სხვადასხვა ქვეყნის სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი. საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ საქართველოს პროკურატურას კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ პროკურატურის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების რჩევები მისასალმებელიც იქნებოდა, რომ არა შემდეგი შემაშფოთებელი ფაქტორი – პროკურატურის განცხადებამ ცხადყო, რომ მთელი ძალისხმევა გადატანილი აქვთ არა გაზრდილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ ოპონენტების პოლიტიკური დევნის გაგრძელებაზე. დღევანდელი პროკურატურის ამოცანა უბრალოდ იმ კრიტიკის განეიტრალებაა, რაც ამ მთავრობას დამსახურებულად ერგო საერთაშორისო ასპარეზზე”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, პროკურატურის შემდეგი სამიზნე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც აქტიურად საქმიანობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში.
“პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის წამოწყება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა მაღალ პოლიტიკურ დონეზე არაერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აღმოაჩინა მიხეილ სააკაშვილის მიერ ,,მოპარული” მილიარდები, ისინი გადავიდნენ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლების, ადმინისტრაციის კვების ბლოკის უფროსის და დამლაგებლების დაბარებებზე და დაკითხვებზე. გვინდა ერთი კითხვა და ერთი რჩევა მივცეთ მთავრობას: რა დაუჯდა ამ სპეციალისტების მოწვევა ბიუჯეტს? ვერანაირი კონსულტანტები ვერ უშველიან იმ ფაქტს, რომ პროკურატურის ქმედებებისა და ბრალდებების მთავარი მოტივი არის პოლიტიკური დევნა, მტკიცებულებები შეთითხნილია ივანიშვილის მითითებით, ისევე როგორც პროკურატურის ქმედებებია ნაკარნახები”, – დასძინა მიხეილ მაჭავარიანმა.