ავთანდილ წერეთლის ადვოკატი: იმედი მაქვს, მოსამართლე გამოიტანს მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს

“ჩვენი ამოცანაა, დავანახოთ სასამართლოს და საზოგადოებას ამ საქმის ჩვენებური ხედვა, გავაკეთოთ იმ მტკიცებულებათა ანალიზი, რომელიც ორი წლის განმავლობაში განიხილებოდა”, – ამის შესახებ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ფულის არანაირი გათეთრება საქმეში არ არის.

„ნებისმიერი ობიექტური იურისტი და იმედი მაქვს, მოსამართლეც გამოიტანს მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ არ შეიძლება თეთრი ფული გაათეთრო, როდესაც არის საუბარი შავი ფულის გათეთრებაზე. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ავთანდილ წერეთელს, მისი მონაწილეობა ამ თანხების განკარგვაში უბრალოდ გამორიცხულია. საქმის ფიგურანტებმა სად გადარიცხეს ეს ფული, რა მიზნით და მოტივაციით, მერწმუნეთ, რომ ავთანდილ წერეთელს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდა, არც უნდა ჰქონოდა და არც გამოვლენილა სასამართლოში არცერთი მსგავსი მტკიცებულება. არ მინდა, მოლოდინები განვსაზღვრო ბრალდების მხარის ქმედებებიდან და მათი მოლოდინებიდან. გასაგებია, მათ აქვთ თავისი მოლოდინები, მაგრამ არის საქმე, მტკიცებულებები და ეს საქმე არსად იკარგება, არც დაიკარგება. საქმის მასალებიდან ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 აშშ დოკარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები