მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ წარდგინება პარლამენტში შევიდა
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი წარდგინება მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ პარლამენტში უკვე შევიდა. წარდგინება დღეს ბიუროს სხდომაზე შევა, რომელიც 15:00 საათზე გაიმართება. ბიუროს სხდომის შემდეგ საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომელსაც მინისტრობის კანდიდატებიც დაესწრებიან.
დეპუტატები მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხზე 26 ივლისს, რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ. კაბინეტის დასამტკიცებლად საჭიროა 76 ხმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის ახალი კანდიდატები 21 ივლისს დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე – გიორგი მღებრიშვილი, კულტურის მინისტრად – მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრად – დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად – გელა დუმბაძე.
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. ასევე მთავრობაში რჩება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროში განაგრძობს.