მცხეთის მუნიციპალიტეტში ვაქცინის “ბუსტერ” დოზის გაკეთების მსურველთა რიცხვი გაიზარდა
მცხეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი იმუნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ამცრელ დაწესებულებებში “ბუსტერ” დოზის გაკეთების მსურველთა რიცხვი გაზრდილია. ვაქცინაციას ადგილზე სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ამჯერად, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – თამაზ ფოლოდაშვილი ქალაქ მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრსა და სოფლის ამბულატორიებში იყვნენ, სადაც სამედიცინო პერსონალისგან კოვიდსაწინააღმდეგო აცრების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის 12 პუნქტი ფუნქციონირებს. მოქალაქეთა აცრა „სინოვაკით“, „სინოფარმითა“ და „ფაიზერითაა“ შესაძლებელი. უსაფრთხო ვაქცინაციისათვის კი ამცრელ დაწესებულებებში ყველა პირობაა შექმნილი.