ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა(ფოტო)

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-ს სათავო ოფისში უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი და ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. პრემიერმინისტრმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობა რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-ში შესასვლელად და მნიშვნელოვანია, მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანის სუვერენული უფლება და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და განსაკუთრებით გაესვა ხაზი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. პრემიერმინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ალიანსის გენერალური მდივნის პირადი ძალისხმევა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში მხარდაჭერის კუთხით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები