„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივების” თემატურმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში თემატური მოკვლევის თაობაზე მოსმენა გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტმა სამოქმედო გეგმის შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლისა და არსებული მდგომარეობის შეფასების, სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით დაიწყო თემატური მოკვლევა – „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები”.
მოსმენაზე მოწვეული იყვნენ საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ექსპორტის განვითარების ასოციაციის, ა(ა)იპ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
საჯარო სექტორიდან მოსმენაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „აწარმოე საქართველოში”, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები.
სხდომა ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა. მხარეებმა დააფიქსირეს პოზიციები და მოსაზრებები, უპასუხეს თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების კითხვებზე. კომიტეტი შეაჯამებს მოსმენილ მოსაზრებებს, რაც მოკვლევის საბოლოო ანგარიშში აისახება.
„მეცნიერული კვლევების, რეკომენდაციების, არსებული მდგომარეობის შესახებ მოსაზრებების გაზიარება ჩვენ დაგვეხმარება არ მარტო იმაში, რომ გავარკვიოთ რა მდგომარეობაა ამ სფეროში საქართველოს სავაჭრო პარტნიორებთან, არამედ შევიმუშაოთ ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ვაჭრობის განვითარების კუთხით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის და საბოლოოდ ეს მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში აისახება, რაც ჩვენი უპირველესი მიზანი და ამოცანაა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა. თემატური მოკვლევა ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.