რა თანხებს ხარჯავდნენ კუდი-ს თანამშრომლები მივლინებებში?
2011 წლის იანვრიდან 2012 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მივლინებებზე 1 722 300 ლარი დაიხარჯა, ამ თანხის 1 144 700 ლარი ქვეყნის გარეთ მივლინებებზე აითვისეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. როგორც კვლევის დოკუმენტშია აღნიშნული, ხშირ შემთხვევებში ქვეყნის გარეთ მივლინებები იგეგმებოდა არასწორად, რის გამოც ხდებოდა მივლინების ვადების გაგრძელება და უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავის ბილეთების გაუქმება. აღნიშნულ ბილეთებში გადახდილი თანხები უკან არ ბრუნდებოდა და საჭირო ხდებოდა დამატებითი ხარჯების გაწევა. ქვეყნის შიგნით მივლინებებზე საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას გაწეული იყო იმგვარი ხარჯები, რომელიც აღემატებოდა არა მხოლოდ საქართველოში არსებულ საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას, არამედ ისეთი ქვეყნებისა მაგალითად როგორიცაა: აშშ, იტალია, ავსტრია და ა.შ. მაგალითად ქ. ბათუმში მივლინებულ ხელმძღვანელ პირს აუნაზღაურდა საცხოვრებელი ფართის დაქირავების დღიური ხარჯი 405 ლარის ოდენობით.
IDFI-ის ინფორმაციით, მივლინების ბრძანებები ხშირ შემთხვევაში გამოცემულია მოსამსახურეთა მივლინებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ, არ აქვს მინიჭებული საიდუმლოების გრიფი, მაგრამ მაინც გაურკვეველია გამგზავრების მიზანი.